კუტალიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა - ქართველის გუნდის ფანი მოედანზე შევარდნისთვის დააკავეს #1TVSPORT
კუტალიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა - ქართველის გუნდის ფანი მოედანზე შევარდნისთვის დააკავეს #1TVSPORT

ლევან კუტალიამ ისრაელის „ლეუმით ლიგაში“ (პირველი ლიგა) ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც მის გუნდს, უმ ალ-ფაჰმის „აპოელს“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ისრაელის „ლეუმით ლიგის“ 26-ე ტურში კუტალიას გუნდი გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერს, იკმალ იმადის „აპოელს“ ესტუმრა. 45-ე წუთზე ლევან კუტალიას ზუსტად შესრულებული პენალტით უმ ალ ფაჰმის „აპოელი“ დაწინაურდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა 50-ე წუთზე მოჰამედ კალიბატის გოლით წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 68-ე წუთზე ცეზარ და სილვა როდრიგესის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კუტალიას დრო დადგა – 31 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 88-ე წუთზე გუნდს სამი ქულა მოუტანა.

გამარჯვებით გახარებული კუტალიას გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი (უმ ალ-ფაჰმი არაბებით დასახლებული ქალაქია) მინდორზე შეიჭრა. 24 წლის გულშემატკივარი დაუყოვნებლივ დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, სტადიონზე შესვლა კი 30 დღის განმავლობაში აუკრძალეს.

26 ტურის შემდეგ, უმ ალ ფალმის „აპოელმა“ 28 ქულა დააგროვა, მე-13 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას სამი ქულით დაშორდა. ლევან კუტალიამ კი ახალ გუნდში გამართულ რვა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.