კურტ ვოლკერი - ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო
კურტ ვოლკერი - ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ 13 ნოემბერს, ბელგრადში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან გამართული შეხვედრა, დონბასში გაერო-ს მისიის განთავსების საკითხზე მოლაპარაკებებში უკან გადადგმული ნაბიჯი გახდა. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა გამოცემა Politico-სთვის მიცმეულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კურტ ვოლკერმა აღნიშნა, სექტემბერში რუსეთმა გაერო-ში რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან ეუთოს- სადამკვირვებლო მისიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ცისფერჩაფხუტიანების“ განთავსებას ითვალისწინებს. საპასუხოდ, აშშ გამოვიდა ინიციატივით, რომ გაერო-ს კონტინგენტმა შეასრულოს სამშვიდობო მისია და უზრუნველყოს უსაფრთხოება კონფლიქტის ზონაში, უკრაინა-რუსეთის საზღვრამდე ტერიტორიაზე.


გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა სურკოვს რეზოლუციის რუსულ პროექტთან დაკავშირებით 29 შესწორება გადასცა, თუმცა რუსული მხარე მათგან მხოლოდ სამს დათანხმდა.


„ჩვენი მესამე შეხვედრა იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. ისინი თავდაპირველ შეთავაზებას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ვოლკერმა.


სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ უშედეგო მოლაპარაკებების მიზეზი შესაძლოა, უკრაინას არ უკავშირდებოდეს. „ეს შესაძლოა, პუტინსა და ტრამპს შორის არშემდგარ ოფიციალურ შეხვედრას უკავშირდებოდეს“, -აღნიშნა კურტ ვოლკერმა.


შეგახსენებთ, ამერიკული მხარე ითხოვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო მისიის განთავსების შემთხვევაში, მის შემადგენლობაში რუსეთის წარმომადგენლები არ შევიდნენ.

დატოვე კომენტარი