კურტ ვოლკერი - სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე
კურტ ვოლკერი - სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე

უკრაინასა აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიღმა ძალიან გონივრულ მიზნებს ხედავს.

„ერთ-ერთი მათგანია ის, რომ როდესაც თქვენ გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე, ასევე, როდესაც კერძო კომპანიაა მფლობელი, სხვა მხარისთვის არ უნდა შეეძლოს მიყიდვა მთავრობის ნებართვის გარეშე – სწორედ ასეა შესაძლებელი იმის თავიდან არიდება, რომ საკუთრება რუსეთი ან ჩინეთის ხელებში არ გადავიდეს ან რაიმე მსგავსი. ამის გაკეთება საკმაოდ გონივრულია. მეორე, რასაც, ჩემი აზრით, კანონმდებლობა აკეთებს, ისაა, რომ ის ცდილობს, რეგულატორების ადმინისტრაციული საშუალებები გააძლიეროს, რათა კომპანიებმა შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რაც ასევე ძალიან გონივრულია. ასე რომ, ვფიქრობ, თავად კანონმდებლობას საკმაოდ გონივრული მიზნები აქვს“, – აღნიშნა ვოლკერმა.

დიპლომატი ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას ვარაუდს, რომ შესაძლოა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები შესაძლოა, „კავკასუს ონლაინს“ უკავშირდებოდეს.

„სხვა საკითხია, როგორ იქნება გამოყენებული კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, და თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შემთხვევა, დაკავშირებული ამ კომპანიასთან, რომელიც ცდილობდა, განემარტა სიტუაცია რეგულატორთან ერთად. როგორც ვიცი, ახლაც საუბრობენ რეგულატორთან, მაგრამ რამდენიმე საკითხი უკავშირდება იმას, თუ როგორ შეიძლება, იქნას ეს კანონმდებლობა გამოყენებული. გაყიდვა უკვე მოხდა და როგორც მესმის, რეგულატორი ამბობს, რომ კომპანიამ არ შეასრულა მოთხოვნა რეგულატორის წინასწარი ნებართვის მიღების ნაწილში. მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა უბრალოდ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ იმდენად შორს არ წავიდეს, რომ გამოჩნდეს, თითქოს ადმინისტრატორის პოზიციას ასრულებს ან კერძო ინვესტიციას იგდებს ხელში, რადგან შეიძლება, ამას უცხოურ ინვესტიციების შენელების ეფექტი ჰქონდეს. თუ ხდება იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს და რისკავს, რომ მთავრობამ უკუაგდოს ეს ინვესტიცია, ან კომპანიის მენეჯმენტი ჩაიგდოს ხელში, პოტენციურად, გაათავისუფლოს დირექტორები ან გაასხვისოს კომპანია, ეს ისეთი რამეებია, რის საშუალებასაც იძლევა კანონმდებლობა და უმნიშვნელოვანესია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში, – ეს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს. იმედი მაქვს, მთავრობა და კომპანია შეთანხმებას მიაღწევენ“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.