კურტ ვოლკერი - საქართველომ რუსეთის პოლიტიკას იმით უნდა უპასუხოს, რომ იყოს ძლიერი
კურტ ვოლკერი - საქართველომ რუსეთის პოლიტიკას იმით უნდა უპასუხოს, რომ იყოს ძლიერი

საქართველომ რუსეთის პოლიტიკას იმით უნდა უპასუხოს, რომ იყოს ძლიერი, რუსეთს უნდა უპასუხოთ ძლიერი საზოგადოების მშენებლობით, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

როგორც ვოლკერმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შეუძლია, არის ქვეყნის გაძლიერება კანონის უზენაესობით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ძლიერი ეკონომიკის განვითარებით, ინსტიტუტების გაძლიერებით.

„ეს საქართველოს პასუხი იქნება. რუსეთი აგრესიული და ძლიერია, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ მისი შეკავება შესაძლებელი იქნება სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანებთან კონტაქტის აღდგენის კუთხით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს ზრუნვა და დახმარება. ერთადერთი დაბრკოლება რუსული ძალის არსებობაა. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებას. საქართველომ რუსეთის პოლიტიკას იმით უნდა უპასუხოს, რომ ძლიერი იყოს. რუსეთს უნდა უპასუხოთ ძლიერი საზოგადოების მშენებლობით. საქართველო ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის მაგნიტად უნდა იქცეს “, – განაცხადა ვოლკერმა.

მისი თქმით, აფხაზეთში ხალხს ესმით, რომ რუსეთთან დაკავშირება, რომელიც მათ თავს მოახვიეს, დესტრუქტიულია.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის მიბმული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო”, – განაცხადა ვოლკერმა.