კურტ ვოლკერი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მიზეზად მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებს
კურტ ვოლკერი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მიზეზად მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებს. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე მართლაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა. ის ეფექტიანად ავითარებდა ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან. თუმცა, პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამან შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ რუსეთთან მიმართებით განსხვავებული რიტორიკა აირჩია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რუსული აგრესია დაივიწყა.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სხვა რიტორიკა აირჩია რუსეთთან ურთიერთობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყა რუსული აგრესია“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაგალითი კურტ ვოლკერმა რუსეთის აგრესიის მინიმალიზებისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ტაქტიკაზე საუბრისას მოიყვანა.

კურტ ვოლკერმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა სექტემბერში დატოვა. მოგვიანებით, მან წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში ჩვენება მისცა. ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციასაც იკავებდა.

დატოვე კომენტარი