კურსკის რეგიონის გუბერნატორის ცნობით, უკრაინამ ქალაქ ლგოვზე მასშტაბური იერიში მიიტანა, დაშავდა 12 ადამიანი
კურსკის რეგიონის გუბერნატორის ცნობით, უკრაინამ ქალაქ ლგოვზე მასშტაბური იერიში მიიტანა, დაშავდა 12 ადამიანი

უკრაინამ კურსკის რეგიონში, ქალაქ ლგოვზე მასშტაბური იერიში მიიტანა. შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ლგოვზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს“, – წერს ხინშტეინი „ტელეგრამზე“. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი კერძო სახლი და ოთხი მანქანა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, დღის მანძილზე უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 159 დრონი გაუშვა, მათ შორის 22 მოსკოვის მიმართულებით, რუსეთის თავდაცვის სისტემამ ყველა ჩამოაგდო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 22 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 53 – კურსკის, 54 – ორიოლის, 13 – ტულის, 6 – ბრიანსკის, 4 – ტვერის, 4 – რიაზანის, 2 – კალუგის და 1 – ბელგოროდის ოლქში.