კურორტ გოდერძიზე სრიალის დროს თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეზე სამ ექიმს სანქციები დაეკისრა
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორ ექიმს და შპს „ემერჯენსი სერვისის“ ერთ ექიმს სანქციები დაეკისრათ. გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის პირველ იანვარს კურორტ გოდერძიზე თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე მიიღო.
როგორც პირველ არხს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა აცნობა, საბჭოს გადაწყვეტილებით, „უნიმედი აჭარას“ (კორპორაცია „ევექსი“) რეფერალური საავადმყოფოს ორ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში გაუუქმდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ვერ იმუშავებენ, თუმცა შეუძლიათ განმეორებითი სერტიფიკატები აიღონ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. საბჭოს იმავე გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით შეუჩერდა და კვალიფიკაციის კურსის გავლა დაევალა.
როგორც პირველ არხს გარდაცვლილის დედამ ნაირა დიასამიძემ აცნობა, ოჯახი ექიმებისადმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვს. მისი ინფორმაციით, საქმეს პროკურატურა შეისწავლის, რომელიც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებოდა.
თებერვალში ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსგან შუალედური დასკვნა მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ კურორტზე არსებული „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს ამ პოზიციაზე მუშაობის უფლება არ ჰქონდა, რადგან აუცილებელი ერთწლიანი კურსი არ გაუვლია. ამ პუნქტში დაშავებული სამი საათით დაყოვნდა, სწორი დიაგნოზი კი დასკვნის თანახმად, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაისვა. არაადეკვატური იყო ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები, რადგან დოკუმენტის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი და უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში.
შუალედური დასკვნით, ოპერაციისას და პოსტსაოპერაციო პერიოდში, ექიმებმა პაციენტს ანესთეზიის მინიმალურზე ნაკლები დოზა გაუკეთეს.