კურდღელაურში ავარიისას დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ არიან მოთავსებული
კურდღელაურში ავარიისას დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ არიან მოთავსებული

სოფელ კურდღელაურში ავარიისას დაშავებული შვიდი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არის მოთავსებული. მათ შორის, ხუთი მცირეწლოვანია. ერთ-ერთს მათგანს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

„ჩვენთან ხუთი სხვადასხვა ასაკის ბავშვი შემოიყვანეს, მათ შორის ყველაზე პატარა წლინახევრის არის. ერთ-ერთს დაჭირდა ქირურგიული ოპერაცია მუცლის ღრუს არეში. ამ დროისთვის, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან. რაც შეეხება მძღოლებს, ერთს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ხოლო მეორეს – მენჯის ტრავმა“, – განუცხადა პირველ არხს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში საღამოს მოხდა. ერთმანეთს „ბე-ემ-ვე“-სა და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი მანქანას სავარაუდოდ, ნასვამი მართავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.