კუნძულ ტასმანიაზე სავარაუდოდ შენიშნეს ცხოველი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით 80 წლის წინ გადაშენდა
კუნძულ ტასმანიაზე სავარაუდოდ შენიშნეს ცხოველი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით 80 წლის წინ გადაშენდა

მიჩნეულია, რომ ტასმანიური ვეფხვი — მოზრდილი, ზოლებიანი ხორცისმჭამელი მტაცებელი 80 წლის წინ გადაშენდა. თუმცა, ავსტრალიის მთავრობა აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც, ეს ცხოველი დაახლოებით ორი თვის წინ ადამიანებმა შენიშნეს.

ტასმანიის პარკების, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია რვა შემთხვევა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ხალხმა ტასმანიური ვეფხვი, იგივე თილაცინი შენიშნა.

თილაცინი ჩანთოსანი ცხოველი იყო, ჰგავდა როგორც მგელს, ისე მელასა და დიდ კატას. მიჩნეულია, რომ ეს არსება 1936 წელს გადაშენდა, როცა ტყვეობაში მყოფი ბოლო ცნობილი ინდივიდი მოკვდა. ჰქონდა მოყვითალო-მოყავისფრო ბეწვი, მძლავრი ყბები და ჩანთა, რომელშიც ნაშიერს ზრდიდა.

გავრცელებული იყო ავსტრალიის სამხრეთით მდებარე კუნძულ ტასმანიაზე. ხშირად ვრცელდებოდა ხმები ველურ ბუნებაში მისი დანახვის შესახებ, მაგრამ არც ერთი ასეთი ამბავი მყარი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.

2019 წლის თებერვალში გავრცელდა ხმა, რომ ტასმანიაზე მყოფ ორ ავსტრალიელს მანქანით მგზავრობისას გზაზე გადაურბინა აბზეკილი კუდის მქონე, ზურგზე დაზოლილმა ცხოველმა.

ამ მოხსენების მიხედვით, გზაზე გადასვლისას ცხოველი უცბად შემობრუნდა და მანქანას უყურებდა დაახლოებით 12-15 წამის განმავლობაში. მანქანაში მსხდომი ორივე ადამიანი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ მათ სწორედ თილაცინი იხილეს.

კიდევ ერთი მოხსენების მიხედვით, ამავე თვეში, შორიდან შენიშნეს ნისლში მიმავალი კატის მსგავსი არსება.

„კარგად ვიცნობ ფერმების ბინადარ ცხოველთა უმეტესობას, მაგრამ არასოდეს მინახავს მსგავსი არსება, რაც დღეს დღეს ტასმანიაზე ვიხილე“, — წერია მოხსენებაში.

2017 წელს კიდევ ერთი მძღოლი იუწყებოდა, რომ ჩრდილო-დასავლეთ ტასმანიაში, ერთ-ერთი ნაკრძალის სიახლოვეს თილაცინი დაინახა. მას არ შეუნიშნავს ზოლები, რადგან ცხოველი მისგან დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით იყო და ასეთი დეტალები არ განირჩეოდა. თუმცა, არსება ძალიან ჰგავდა მოზრდილ კატას.

2019 წლის ივლისში, სამხრეთ ტასმანიაზე, დედაქალაქ ჰობარტის სიახლოვეს მამაკაცმა ნახა ნაკვალევი, რომელიც ტასმანიური ვეფხვისას ჰგავდა.

ყველა ეს ამბავი ნათლად მიუთითებს, ჯერ კიდევ რამდენად არის დალექილი თილაცინი საზოგადოების კოლექტიურ წარმოსახვაში. ავსტრალიის ეროვნული მუზეუმის თანახმად, თილაცინი ტასმანიასა და კონტინენტური ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში ბინადრობდა და წარმოადგენდა თილაცინისებრთა ოჯახის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ სახეობას.

ათასობით თილაცინი გაჟლიტეს ევროპელმა კოლონიზატორებმა, რადგან ეს ცხოველი მათი ცხვრის ფარებს ესხმოდა.


დღეისათვის თილაცინი კვლავ რჩება ტასმანიური კულტურის მთავარ კომპონენტად. ინარჩუნებს თითქმის ლოხ-ნესის ურჩხულის სტატუსს, რადგან ადამიანები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ის სადღაც დაინახეს. 2002 წელს ავსტრალიის მუზეუმის მეცნიერებმა შექმნეს თილაცინის დნმ-ის ასლი, რაც კლონირების ტექნოლოგიებით ამ სახეობის აღდგენის შანსს იძლევა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი