კუნძულ მენიზე წყალდიდობის გამო ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა
კუნძულ მენიზე წყალდიდობის გამო ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფ კუნძულ მენიზე წყალდიდობის გამო ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი და ვერტმფრენები არიან მობილიზებულნი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევენ, დახმარების აღმოჩენამდე სახლების სახურავებზე ავიდნენ.

კუნძულზე მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლები დროებით დახურა. შეფერხება ფიქსირდება საავტომობილო გზებზეც. რამდენიმე ასეული მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა წვიმამ ცალკეულ ადგილებში მეწყერიც გამოიწვია.