კუმისის ტბის მეპატრონე - ტბაში 10 ტონა თევზი დაიხოცა, რომელსაც ადგილობრივები ყიდიან
კუმისის ტბის მეპატრონე - ტბაში 10 ტონა თევზი დაიხოცა, რომელსაც ადგილობრივები ყიდიან

კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა. ტბის მეპატრონის განცხადებით, ე.წ. სქელშუბლა თევზის მასობრივად დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია.

„მასობრივად გამოვიდა თევზი და დაიხოცა, ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს. ახლა მივუყვებით ნაპირებს და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ“, – აცხადებს ტბის მეპატრონე გელა ბაკურაძე.

მისივე განმარტებით, თევზი ნაპირზე გამოდის და მოსახლეობის მხრიდან მისი დატაცება ხდება. თევზს ადგილობრივები ძალიან დაბალ ფასად აბარებენ, რაც მათ ბიზნესს საფრთხეს უქმნის.

გელა ბაკურაძის განმარტებით, გამოსავალი ტბაში მტკვრის წყალის შეყვანაა, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია – არხები ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ მოიშალა.

2014-2015 წლებში კი, კუმისის ტბაზე თევზი ანალოგიური მიზეზის გამო, მთლიანად განადგურდა.