კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისას ხარვეზები გამოვლინდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისას ხარვეზები გამოვლინდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისას ხარვეზები გამოვლინდა, – ამის შესახებ პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ შენობის გადახურვის კონსტრუქცია ამოვარდნილია საერთო არქიტექტურული ფონიდან.

მისი განმარტებით, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიცვალოს შენობის პროექტი, რომელიც არსებულ არქიტექტურულ ლანდშაფტთან მაქსიმალურად იქნება მისადაგებული.

„შენობის აგებას უზრუნველყოფს მუნიციპალური განვითარების ფონდი. თავისი გაბარიტებითა და ვიზუალით ჰარმონიულად არ ჩაეწერა არსებულ ლანდშაფტში. მისი გადახურვის კონსტრუქცია ნაწილობრივ ამოვარდნილია საერთო არქიტექტურული ფონიდან. სიმაღლეში უფრო მაღალია, რაც არქიტექტურულ ნაწილში გარკვეულ დისონანსს ქმნის. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპეციალისტების დახმარებით, შეიცვლება ამ შენობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახურავის კონსტრუქციის შეცვლას და მაქსიმალურად იქნება მისადაგებული არსებულ არქიტექტურულ ლანდშაფტთან. ამ ეტაპზე სახურავის კონსტრუქციული მოწყობის სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო შენობის პირველ სართულზე ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როდესაც ახალი პროექტი გაივლის საბჭოს წევრების შეფასებას, მოხდება ხელახალი ნებართვის გაცემა და გაგრძელდება ამ შენობა ნაგებობის სამუშაოების პროცესი“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

დატოვე კომენტარი