კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობას უარყოფს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობას უარყოფს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოიმიტაციას მცდარს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განმარტავს, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვაზე საგანგებო ვალდებულება აქვს აღებული, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სპეციალური მორატორიუმითაა გამყარებული.

„მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფოტოიმიტაცია და მოსაზრება აბსოლუტურად მცდარია და მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტს არ იცნობს და შესაბამისად, მცხეთაში მისი განხორციელების შესაძლებლობა უწყებაში არც განხილულა და განხილვა არც სამომავლოდ იგეგმება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვაზე, საგანგებო ვალდებულება აქვს აღებული, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სპეციალური მორატორიუმითაა გამყარებული. ამავდროულად, ამ ტიპის პროექტის განხორციელება უხეშად დაარღვევს სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს ძეგლების ერთობლიობით შექმნილ ისტორიულ კონტექსტს, მის კულტურულ ლანდშაფტს და უარყოფითად იმოქმედებს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გამორჩეულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაზე. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ ტერიტორიაზე ამ ტიპის, გარემოზე მძიმედ მოქმედი მოცულობის გაჩენა კატეგორიულად არ განიხილება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას 2016 წელს დაუბრუნდა.