კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია გვექნება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია გვექნება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბათუმში, საკომუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს მომხდარ ფაქტს და ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრეს რეაგირებას აპირებს.

„ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსაზაღვრად, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დღესვე გაემგზავრა ბათუმში, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით შესაბამის სამართალდაცვით უწყებებს მიმართავს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუშაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს.

უბანზე სამშენებლო-სარებილიტაციო პროცესი შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, ნაპოვნი ქვევრი მე-11 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის. 

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრიდან გამოვლენილი არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია ექნება და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.