კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - ამილახვრების კარის ეკლესიაში კედლის მხატვრობის მდგომარეობა მდგრადია და გადაუდებელი სამუშაოები არ სჭირდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - ამილახვრების კარის ეკლესიაში კედლის მხატვრობის მდგომარეობა მდგრადია და გადაუდებელი სამუშაოები არ სჭირდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ქვემო ჭალაში მდებარე ამილახვრების კარის ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე პირველ არხთან კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ფრესკებისა და კანკელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ სპეციალისტებმა, რესტავრატორებმა უნდა ისაუბრონ, თუმცა ბექა ბარამიძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ძეგლზე არც პროექტირების და არც უშუალოდ. ფიზიკური სამუშაოები არ დაწყებულა.

მისივე თქმით, სამუშაოების დაწყება არც 2019 წლის გეგმაშია გათვალისწინებული.

როგორც ბარამიძე აცხადებს, კედლის მხატვრობის მდგომარეობა ამ წუთისთვის ქვემო ჭალის კარის ეკლესიაში მდგრადია, რეგრესს არ განიცდის და გადაუდებელ სამუშაოების არ საჭიროებს.

ბექა ბარამიძის თქმით, სააგენტოსთვის ამ დროისთვის უფრო მნიშვნელოვანია მეტად დაზიანებული საკულტო ნაგებობები, რომელთაც გადაუდებელი სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოები სჭირდებათ.

როგორც ბარამიძე ამბობს, ქვემო ჭალაში მდებარე ამილახვრების კარის ეკლესიის მდგომარეობა 2015 წლიდან არ შეცვლილა. მისივე თქმით, კედლის მხატვრობა ამილახვრების კარის ეკლესიაში საბჭოთა პერიოდის დროს, ათეული წლის წინ დაზიანდა და მხატვრობას ამ დროს გამიზნულად მიაყენეს დაზიანებები იმ მიზნით, რომ ფასადებზე ნალესობა გაკეთებულიყო. მოგვიანებით კი, გასული საუკუნის 90 იან წლებში, როცა ამოქმედდა ძეგლთა დაცვის ინსტიტუცია, ნალესობა მოიხსნა, თუმცა კედლის მხატვრობაზე დარჩა მექანიკური დაზიანებები.

ბექა ბარამიძის ინფორმაციით, კანკელზე დატანილი დაზიანებებიც სწორედ ამ პერიოდისაა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ჭალაში, ამილახვრების სასახლის კარის ეკლესიის კედლები დაზიანებულია. როგორც ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი წერს, კედლები შესალესად არის გამზადებული, თუმცა, მისივე თქმით, ფრესკების შენარჩუნება შესაძლებელია.