კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, საკითხის შესწავლის მიზნით სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს

21:24, 08.07.2026

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

„საკითხის შესწავლის მიზნით სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ლამარიას მონასტერთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

მსგავსი