კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - გერგეთის ტაძარში სარემონტო სამუშაოები ძველ არქეოლოგიურ შრეებს არ შეხებია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - გერგეთის ტაძარში სარემონტო სამუშაოები ძველ არქეოლოგიურ შრეებს არ შეხებია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც გერგეთის სამების ტაძრის ინტერიერში გათბობის დამონტაჟებას ასახავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პირველ კომენტარს აკეთებს.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის ინფორმაციით, ყველა პროცესი, რაც ტაძრის ინტერიერში მიმდინარეობს, სააგენტოსთან არის შეთანხმებული და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ბარამიძის ინფორმაციით, გერგეთის სამების ტაძრის ინტერიერში, იატაკის ზედაპირის დემონტაჟისა და ადგილზე ახალი ქვის იატაკის მოწყობის სამუშაოების პროექტი მიმდინარე წლის 18 აპრილს შეთანხმდა, რისი საფუძველიც გახდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ აბბა ალავერდელის წერილი, რომელიც სააგენტომ 6 მარტს მიიღო.

„ავტორებმა წარმოადგინეს სათანადოდ მომზადებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ამ ტიპის სამუშაოების განხორციელებას. სამუშაოების ჩატარების ვადა განსაზღვრულია 2018 წლის ივნისამდე. პროექტი ითვალისწინებდა 2003 წელს, ტაძრის ინტერიერში დაგებული ნიჩბისის ქვის იატაკის დემონტაჟსა და მის მოწყობას  ბოდბის ქვით. ამის მიზანი ის გახლდათ, რომ ტაძრის იატაკის ქვეშ უნდა გაკეთებულიყო გათბობა, რაც განპირობებული იყო მძიმე კლიმატური პირობებით. ტაძარი მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრ სიმაღლეზე და ზამთარში ტემპერატურა -20-25 გრადუსს აღწევს. სწორედ ამ გარემოებების გამო დადგა იატაქვეშა გათბობის აუცილებლობის საკითხი“,-აცხადებს ბექა ბარამიძე და ხაზს უსვამს, რომ 2003 წელს დაგებული იატაკი ავთენტური არ ყოფილა და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, ის ბუნებრივი ქვის იატაკით შეიცვლება.

„ცხადია, 2003 წელს მოწყობილი იატაკი, რომელიც ავთენტური არ ყოფილა, თანამედროვე იყო და და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფის მიერ გადაწყდა,  შეცვლილიყო ბუნებრივი ქვის იატაკით. გათბობის ქვაბი მონტაჟდება ტაძრის სადიაკვნეში და იგი აბსოლუტურად არ არღვევს ტაძრის იერსახეს არც პილიგრიმებისთვის, არც მლოცველების და არც ტურისტებისთვის. ის აბსოლუტურად უხილავი იქნება. გავრცელებულ ფოტოებში არის ძველი ელექტროსადენის არხი, სადენის გამავალი ტრასა, რომელიც ასევე შეიფუთება და ქვის საკონსერვაციო სამუშაოების სახით ისე შეინიღბება, რომ არ გამოჩნდება“,-აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ მაისში, როდესაც იატაკი უკვე აყრილი იყო, სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და არქეოლოგის უშუალო ზედამხედველობით დადგინდა, რომ ძველ არქეოლოგიურ შრეებს აღნიშნული სამუშაოები არ შეხებია.