კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ტეიკოს უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ტეიკოს უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისში ტეიკოს უნივერსიტეტის დელეგაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი არქეოლოგიური კვლევა-ძიების დარგში ტეიკიოს უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

„მოლაპარაკებების შემდეგ, ორ უწყებას შორის ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.

დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შედეგად განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც ქართველ მკვლევარებთან ერთად, იაპონელი მეცნიერებიც ჩაერთვებიან.

„წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უკვე გადაწყდა, რომ სახელშეკრულებო პროგრამის ფარგლებში, იაპონური მხარე მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნოქალაქევის ისტორიული მუზეუმის ბაზაზე მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიების ტექნიკური აღჭურვის პროცესს უზრუნველყოფს.

ახლად ამოქმედებული ლაბორატორიები გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველში გამოვლენილი მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური რესტავრაციისა და ქიმიური ანალიზის პროცესებს მოემსახურება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იაპონურ სამეცნიერო ცენტრთან 2018 წელს გაფორმებული ოთხმხრივი მემორანდუმის ფარგლებში გააგრძელებს ურთიერთობას.

„პროგრამა სახელწოდებით „აბრეშუმის გზა“ ტეიკიოს უნივერსიტეტთან და სააგენტოსთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობას მოიცავს და ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს.

პარტნიორობის საფუძველზე აღნიშნული ინსტიტუციები უკვე ახორციელებენ მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთობლივი რესტავრაციისა და ქიმიური სამეცნიერო კვლევის სამუშაოებს.

ტეიკიოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია იაპონიაში, რომელიც 1966 წელსაა დაფუძნებული. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 27 000 სტუდენტს აერთიანებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.