კულტურული კუთვნილების დაცვის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
კულტურული კუთვნილების დაცვის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კომისიის თავმჯდომარემ პოლ პაკერმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს მოიცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია განათლების მიმართულებით. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის რეფორმის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება. დღეს კი, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ საიმედო პარტნიორთან განათლების შემდეგ, კულტურული მეკვიდრეობის მიმართულებითაც გაგრძელდება თანამშრომლობა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პოლ პაკერის განცხადებით, მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, როგორ აფასებს ამერიკის მთავრობა საქართველოს და მხარს უჭერს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. მისივე თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, მემკვიდრეობის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის.

ორ ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას შედგა.