კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, რათა აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიარონ. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას და დახმარებას, დაფინანსებას, რათა დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარებას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.