კულტურის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის მერ ინიცირებული ახალი პროექტის, „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს  ალტერნატიულ სივრცეებში, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალერეებისა და სხვა დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს  მსმენელის რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკის ჟანრით.

კონცერტების პირველი ციკლი 18-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.

პირველ ციკლში სულ ოთხი კონცერტი გაიმართება, საკონცერტო სივრცედ კი, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი შეირჩა.

ცნობილია პროგრამაც: 18 დეკემბერს კონცერტებს ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანო ტიფანი აბბანი, თბილისის გოგონათა გუნდის მონაწილეობით გახსნის. 20 დეკემბერს- ტრიო „გაონი” მიუნჰენიდან კამერული მუსიკის კონცერტს ჩაატარებს. 22 დეკემბერს კი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი პიანისტი ენდრიუ ტაისონი მიიღებს.

პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში” საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება და სიმბოლურად, ბოლო ღონისძიება 24 დეკემბერს ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება . მასში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა”.

ახალი პროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კლასიკური მუსიკის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ და პროგრამების მენეჯერმა, მაია კოკოჩაშვილმა ისაუბრეს.

მაია კოკოჩაშვილის განცხადებით, ახალი ფორმატის მეშვეობით კლასიკური მუსიკა საზოგადოებაში უფრო პოპულარული უნდა გახდეს და ახალი მსმენელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები უნდა მოიზიდოს.

ელისო ვირსალაძის თქმით კი, კლასიკური მუსიკა არატრადიციულ სივრცეებში განსხვავებულად ჟღერს და შესაბამისად, სხვა მსმენელს მიიზიდავს.

„ასეთი ფორმატის კონცერტების ტრადიცია მსოფლიოში არსებობს. არატრადიციულ სივრცეებში კლასიკური მუსიკა სხვაგვარად ჟღერს და სულ სხვა ატმოსფეროა, სწორედ ამითაა საინტერესო“,-განაცხადა ელისო ვირსალაძემ.

დატოვე კომენტარი