კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ იუნესკო-ს  ექსპერტთა ჯგუფის სპეციალისტებმა გელათში სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულეს და დასკვნები ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ იუნესკო-ს ექსპერტთა ჯგუფის სპეციალისტებმა გელათში სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულეს და დასკვნები ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე კახა სიხარულიძემ სამინისტროს მიერ მოწვეულ სტუმრებთან, იუნესკო-ს ექსპერტებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გელათში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საბოლოო ანალიზი და დასკვნა ჯერ არ არსებობს. სიხარულიძის ინფორმაციით, უკვე დასრულდა მუშაობის პირველი ეტაპი, ახლა კი ქართული მხარე ელოდება სპეციალისტების რეკომენდაციებს.

„სამინისტროს განსაკუთრებული ძალისხმევით და იუნესკო-სთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობის შედეგად გელათთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საწყის ეტაპზე იმყოფება იუნესკო-ს გამოგზავნილი ექსპერტთა და პროფესიონალთა ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი უშუალოდ ფერწერის პრობლემებს აკვირდებოდა, მეორე კი გელათის გადახურვასთან შექმნილ პრობლემებს. ექსპერტები მსოფლიოში აღიარებული არიან“, – განაცხადა კახა სიხარულიძემ.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა განუცხადა, რომ შეისწავლიან როგორც კედლის მხატვრობის დაზიანებებს, ასევე გადახურვის დროს დაშვებული ხარვეზების გამო შექმნილ მდგომარეობას.

მისივე თქმით, ვითარება სახარბიელო არ არის, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს.

„ყოველდღე ავდიოდით ტაძრის სახურავზე და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ვფიქრობთ, სახურავის გარკვეულ ნაწილზე ძველი ტექნიკით გადახურვა შეიცვალა ახალი ტექნოლოგიით, ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ბევრი ფაქტორი არსებობს და კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, რა არის ძირითადი და მეორე ხარისხოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა მის დაზიანებაზე.

მესამე საკითხია, რა ხდება ამ დროისთვის ეკლესიის შიგნით, ფრესკები, რომლებიც არის ეკლესიაში არის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული სურათი შეიცვალოს. ძალინ ცუდი მდგომარეობაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩავერიოთ, მაგრამ ამის განსახორციელებლად გვჭირდება ბევრი კვლევის ჩატარება და ანალიზი. იტალიაში ჩატარდება კვლევა და უნდა მივაგნოთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან არქიტექტორ რესტავრატორმა უგო ტონიეტმა.

კედლის მხატვრობის სპეციალისტის ვინჩენცო ჩენტანის განცხადებით, გელათში ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში, პროცესის შეჩერება შესაძლებელია.

„40 წლის გამოცდილება გვაქვს კონსერვაციის და რესტავრაციის. პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი იყო სახურავიდან მონასტრის შიგნით წყლის ჩასვლა. ამ წყალმა გამოიწვია მარილების მოძრაობა კედლებში, რამაც დააზიანა საღებავი, ფერწერის, პასტელის სხვადასხვა ფერის დაზიანება გამოიწვია. ყველაზე სერიოზული დაზიანებები არის დასავლეთ ფრთაზე, რომელიც არის ტაძრის სამხრეთი ნაწილი. თუმცა დეგრადაცია და პრობლემა სხვაგანაც შექმნილია. ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში, შევაჩერებთ ამ პროცესს“, – განაცხადა კედლის მხატვრობის სპეციალისტმა ვინჩენცო ჩენტანიმ.

იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის სპციალუსტები თავიანთ დასკვნებს ქართულ მხარეს ივლისის შუა რიცხვებში მიაწოდებენ.

დატოვე კომენტარი