კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანსა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს – მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შედგა შეხვედრა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფემ მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.

„მინისტრის მხრიდან მიმოხილულ იქნა 1835 წელს აგებული, ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. სემინარიის შენობა) მდგომარეობის შესაფასებლად 2021 წელს ჩატარებული სიღრმისეული ექსპერტიზის დასკვნა და სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შედეგები ოქროს ფონდში დაცულ ხატებთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ვინაიდან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ავარიული შენობა (ე.წ. სემინარიის შენობა) უნდა დაექვემდებაროს აღდგენას, რისთვისაც დაწყებულია პირველადი სამუშაოები, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი დროებით სხვა სივრცეში იქნეს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ ოქროს ფონდის (10 000-ზე მეტი ექსპონატი) დროებით საცავად იდენტიფიცირებულია და განხილულ იქნება ორი ვარიანტი: ა) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი, უკანა კორპუსი, რომელიც, ე.წ. სემინარიის შენობისგან დამოუკიდებელია, მყარია და ის 1980-იან წლებშია აშენებული. ბ) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის შენობის სიმყარე ასევე ეჭვს არ იწვევს.

პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც, მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად იქნება დაცული. მეორე სივრცე კი უკვე მზადაა (როგორც საგამოფენო სივრცე, ასევე ფონდსაცავი), მაგრამ მისი ფართიდან გამომდინარე, მასში მხოლოდ ოქროს ფონდი (სრულად ან ნაწილობრივ) შეიძლება განთავსდეს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად. მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ოქროს ფონდის დაზიანებული ზოგიერთი ექსპონატის რომელიმე სივრცეში გადატანამდე, UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შესაბამისად, პროფესიონალების მიერ მათი დროებითი გამაგრება უნდა განხორციელდეს და ოქროს ფონდის აღწერის პროცესი დასრულდეს.

კულტურის მინისტრმა მეუფე ვახტანგს ასევე აცნობა, რომ მუზეუმის შენობის ევაკუაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება ხელოვნების მუზეუმის დაზიანებული შენობის აღდგენის პროცესი. ამ მიზნით, უკვე გადადგმულია არაერთი ნაბიჯი.