კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „თორაძის ფონდთან“ და ფონდთან „ქართული გალობა“ თანამშრომლობით, „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა.

ფესტივალი დიდი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის ხსოვნას ეძღვნება.

ფესტივალის პროგრამისა და საინტერესო სიახლეების შესახებ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, „თორაძის ფონდის“ პრეზიდენტმა ნინო თორაძემ, ფონდის „ქართული გალობა“ ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა ედიშერ სავიცკიმ და ფესტივალის დირექტორმა თინათინ რუხაძემ ისაუბრეს.

მოწვეულ სტუმრებს თორაძეების ოჯახის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენის ხილვის საშუალებაც ჰქონდათ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფესტივალი ცნობილი პიანისტის სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად, სიმბოლურად, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ფუძნდება.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალი თავს მოუყრის კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს და ის ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის სხვა პარტნიორებს ფესტივალის მხარდაჭერისთვის, იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ფესტივალი ქართული და მსოფლიო მუსიკალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება და ახალი თაობის არაერთ მუსიკოსს გაუკვალავს გზას.

პრეზენტაციის ბოლოს ფესტივალის დამფუძნებლებმა ფესტივალის დაფუძნების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ ყოველწლიურად საქართველოში ჩატარდება. წელს კი პირველად, 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შთამბეჭდავი კლასიკური თუ ფოლკლორული კონცერტების გარდა, საინტერესო ლექციებისა და მასტერკლასების მასპინძელიც იქნება, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარებენ. ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიები დაწესდება.

ფესტივალი 30 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება, 7 ივნისს კი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საზეიმოდ დაიხურება.

ალექსანდრე თორაძე 2022 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 30 მაისს კი პიანისტს 71 წელი შეუსრულდებოდა.