კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის ბიენალეზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, გახსნის ღონისძიებას საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, პროექტის კურატორები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ პავილიონს ა(ა)იპ თბილისის არქიტექტურის ბიენალე წარმოაჩენს პროექტით – „იანვარი, თებერვალი, მარტი“. პროექტი სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მისი კურატორები არიან გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე.

კულტურის სამინისტროს მხრიდან ვენეციის ბიენალეს კომისარია თანამედროვე ხელოვნების კურატორი მაგდა გურული.

„იანვარი, თებერვალი, მარტი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ის დუშეთის მუნიციპალიტეტში საბჭოთა დროს ხელოვნურად გარდაქმნილი დასახლების კვლევაზე დაფუძნებული ექსპოზიციაა და დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. ინსტალაცია მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით მოგვითხრობს ხელოვნურად სახეცვლილ დასახლებაზე. პროექტი ყურადღებას ამახვილებს წყალსა და წყალსაცავებზე, მათ გაჩენასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე თანმდევი კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი გარდაქმნების ხანაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის, ლესლი ლოკოს კონცეფციასა და მთავარ თემას – „მომავლის ლაბორატორია“.

საგულისხმოა, რომ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ეროვნულ პავილიონში ასევე მოეწყობა სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და ექვსი თვის განმავლობაში ადგილზე იმუშავებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის 16 ახალგაზრდა თანამშრომელი.

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა ვენეციაში მიმდინარე წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენას საფუძველი 1975 წელს ჩაეყარა და ის ორ წელიწადში ერთხელ ვენეციაში მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. წლების განმავლობაში ვენეციის ბიენალეს კურატორები იყვნენ ცნობილი არქიტექტორები და მეცნიერები, მათ შორის: ფრანჩესკო დალ კო, რიჩარდ ბურდეტი, დევიდ ჩიპერფილდი, რემ კულჰაასი და ალეხანდრო არავენა. მათ ეს გამოფენა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმად აქციეს არა მარტო ექსპერტებისთვის, არამედ არქიტექტურის მოყვარულთათვისაც.

ინფორმაციისთვის, თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც ბევრი ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ერთიანდება. ორ წელიწადში ერთხელ ის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებულ გამოფენებს, სამუშაო შეხვედრებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს მართავს. 2022 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალემ მესამე გამოშვებას უმასპინძლა, რომელიც დროებითობის თემას ურბანულ და სოციალურ ჭრილში განიხილავდა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.