კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თეატრები რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებენ
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თეატრები რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებულებულებმა პრესკონფერენცია გამართეს.

კონკურსის ფარგლებში რვა გამარჯვებული თეატრი გამოვლინდა, რომელსაც სამინისტროს მიერ რეგიონებში საგასტროლო ხარჯები დაუფინანსდა.

პრესკონფერენციაზე თბილისის პროფესიული თეატრების წარმომადგენლებმა კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსების ხელშეწყობა ერთი მხრივ, რეგიონებში სახელოვნებო სფეროსა და თეატრების პოპულარიზაციისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ხელოვანების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით პანდემიის დროს.

კულტურის სამინისტროს ინფორნაციით, კონკურსი „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 30 ივნისს დასრულდა. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს. სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მიმართა, მათგან რვა გამარჯვებული გამოვლინდა:

1. სსიპ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
3. სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
4. სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის გასტროლი მესტიაში
5. სსიპ ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი“
6. სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
7. სსიპ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
8. ა(ა)იპ გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ის განცხადებით, უწყებამ მიმდინარე წელს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა 12 პრიორიტეტი, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით რეგიონებში.

„ამ მიმართულებით უკვე დასრულდა კონკურსები. გამოვლენილია გამარჯვებული პროექტები, რომლებიც განხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სოფლებსა და დაბებში. ერთ-ერთი კონკურსი არის „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში“. ამ კონკურსში გამარჯვებულია რვა პროექტი და იქნება 43 წარმოდგენა საქართველოს რეგიონებში. ამით ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, გამოცოცხლებას, ასევე თეატრალურ დასებს შემოქმედებით პროცესებს და პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებას“, – განაცხადა ლალი თარიმანიშვილმა.

მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ღვთისიაშვილის თქმით, ზოგადად რეგიონებში გასვლა არის ნებისმიერი თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ წელს სიახლე არის ის, რომ დასი ეწვევა არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებს, არამედ სოფლებს.

„იმ სოფლებს, სადაც ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში თეატრალური დასი არ ყოფილა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, ყველა ვერ გავწვდებით ყველა სოფელს, მაგრამ ის 14 წარმოდგენა, რაც ამ პროექტის ფარგლებშია, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, როგორც გურიის, ისე იმერეთის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის სოფლებიდან.

რასაკვირველია, ყველგან აბსოლუტურად არის უფასო წარმოდგენები, გარდა ბათუმის თეატრში გამართული „ალადინისა“ და ჩვენი თეატრი კიდევ დამატებით სხვა პროექტით – „ერთი მსახიობი სოფლად“ წარმოადგენს ნიკა ფაიქრიძის პოეზიის საღამოებს“, – განაცხადა დიმიტრი ღვთისიაშვილმა.