კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება

27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება. მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება, რაც ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.

ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.