კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად კიდევ ხუთი კონკურსი გამოაცხადა
კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად კიდევ ხუთი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, კიდევ ხუთ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კონკურსი ცხადდება შემდეგ პროექტებზე – „მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“;  „პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ხელშეწყობა“; „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“; კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანთლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა;

„მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობის“-  კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 550 000 არს და მისი მიზანია, საკონცერტო ცხოვრების გააქტიურება; პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საშემსრულებლო კოლექტივების შემოქმედებითი დონის ამაღლება; საკონცერტო პროგრამების მრავალფეროვნება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც აღნიშნულ სფეროში ორგანიზაციული საქმიანობის გამოცდილება აქვთ.

„პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ხელშეწყობა“​ – კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია პროფესიული საფორტეპიანო მუსიკის პოპულარიზაცია; ქართული პიანისტური სკოლის ტრადიციების აღორძინება; ახალგაზრდა პიანისტთა საშემსრულებლო დონის ამაღლება; ახალი სახელების წარმოჩენა; პედაგოგების სტიმულირება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც საფორტეპიანო კონკურსების ჩატარების გამოცდილება აქვთ.

„კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და  საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 275 000ლარს და მისი მიზანია საკონცერტო ცხოვრების გააქტიურება; პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; რეგიონებში  კულტურაზე ხელმისაწვდომობა; საშემსრულებლო კოლექტივების შემოქმედებითი დონის ამაღლება; საკონცერტო პროგრამების მრავალფეროვნება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ აღნიშნულ სფეროში ორგანიზაციული საქმიანობის გამოცდილება.

კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა – კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებების:

ა) განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და აქტივობების განხორციელების გზით;

ბ) შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა;

გ) წახალისება და მოტივაციის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო და მუნიციპალურ სახელოვნებო განათლების დაწესებულებებს.

საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა, კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 25 000 ლარს და მისი მიზანია მოზარდთა ემოციური, გონებრივი და შემოქმედებითი უნარების განვითარების  ხელშეწყობა; სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა; არაფორმალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაწესებულებებისთვის პოტენციური პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის 16 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected]. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ N: 032 2 022229.