კულტურის სამინისტრომ ფოლკლორული ანსამბლებისათვის სასცენო სამოსის შეძენის მიზნით მეორე ტენდერი გამოაცხადა
კულტურის სამინისტრომ ფოლკლორული ანსამბლებისათვის სასცენო სამოსის შეძენის მიზნით მეორე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების სასცენო სამოსით აღჭურვის მიზნით მეორე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად შეადგენს 141 000 ლარს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამინისტროს გადაწყვეტილებით და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეკომენდაციით, ტენდერით გათვალისწინებულია სასცენო სამოსის შეძენა შემდეგი ფოლკლორული ანსამბლებისათვის: ა(ა)იპ აფხაზეთი სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“; ა(ა)იპ ანსამბლი „ადილეი“; ა(ა)იპ ედიშერ და გია გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი (ფოლკლორული ანსამბლი) „მთიები“; შპს ანსამბლი „მარგალიტი“; ა(ა)იპ ანსამბლი სათანაო; ა(ა)იპ მრავალჟამიერი1-თან არსებული ანსამბლი „გურჯაანი“; თურქეთის რესპუბლიკის ქ. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ბაზაზე მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი; შპს „იალონი“.

„აღნიშნული ანსამბლებისთვის შეიკერება: ჩოხა-ახალუხი – 54 ცალი; კაბა – 21 ცალი; კაბა-ახალუხი – 6 ცალი; კაბის კომპლექტი – 35 ცალი; კაბა-მოსაცმელი – 3 ცალი; ჩოხა – 15 ცალი; ჩოხის კომპლექტი – 2 ცალი; ტალავარი – 2 ცალი. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი ანსამბლი არ წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არაერთი გამოწვევაა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია არ მომხდარა, რის გამოც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბერში გამოყოფილ იქნა 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკის“ მიერ სამინისტროს ამჟამად ეტაპობრივად ბარდება სასცენო სამოსი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის. პროექტის ფარგლებში ჯამში გათვალისწინებული იყო 70 კაბისა და 277 ჩოხის კომპლექტის დამზადება. ამ ეტაპისთვის სასცენო სამოსი გადაეცათ ანსამბლებს: „სახიობა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“. სასცენო სამოსის გადაცემა პირველი ტენდერის ფარგლებში სხვა ანსამბლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება და წლის ბოლომდე დასრულდება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.