კულტურის სამინისტრო რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორის, მხატვრისა და მწერლის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტშია აღნიშნული.

„რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო.

რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“ და სხვა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. თეატრის ფასადზე სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი – Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს“.

რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს რეზო გაბრიაძის ოჯახს, თეატრის დასს და სრულიად ქართულ საზოგადოებას“, – ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამძიმრის ტექსტში.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი