კულტურის სამინისტრო ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გელოდი ფოცხიშვილი 60 წელი ემსახურა ქართულ ხელოვნებას. წლების განმავლობაში არაერთ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში საქმიანობდა და არაერთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებზე დადგა საცეკვაო ნომრები. გელოდი ფოცხიშვილი სხვადასხვა პერიოდში გახლდათ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე. 1965 წელს მან დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“. 1993 წლიდან ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი იყო; 1994-99 წლებში კი – მისი მთავარი ბალეტმაისტერი. მან დააფუძნა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლი „მეტეხი“ და ამავე სახელწოდების საბავშვო სტუდია. 1989 წელს თბილისის სპორტის სასახლეში დააფუძნა „შოუებისა“ და სპორტულ სანახაობათა ასოციაცია. 1997 წლიდან გახლდათ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის განყოფილების გამგე.

ქორეოგრაფის სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წლის აპრილში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში საღამო გაიმართა. გელოდი ფოცხიშვილის ღვაწლი არაერთი ჯილდოთი თუ პრემიით იყო დაფასებული. ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. ასევე, მიღებული აქვს: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქების სიგელი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდენი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ბრწყინვალების ორდენი და სხვა. 2016 წელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბატონ გელოდის კულტურის სამინისტროს ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლიერებით მიაგებს პატივს გელოდი ფოცხიშვილს ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.