კულტურის სამინისტრო ახალი ლიტერატურული პრემიის - „წლის საუკეთესო“ მოკლე სიას აქვეყნებს
კულტურის სამინისტრო ახალი ლიტერატურული პრემიის - „წლის საუკეთესო“ მოკლე სიას აქვეყნებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემიის – „წლის საუკეთესო“ ნომინანტთა მოკლე სია ცნობილია.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ჟიურიმ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა (ავტორები წარმოდგენილნი არიან ანბანური რიგითობით და რიგითი ნომერი არ ასახავს ერთი ავტორის უპირატესობას მეორე ავტორთან მიმართებაში):

ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“

1. ავტორი – ნინო ჟვანია, „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“, წარმდგენი – ავტორი;

2. ავტორი – ეკატერინე ფავლენიშვილი, „საწუთროს მარგალიტები“, წარმდგენი – ავტორი;

3. ავტორი – ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“, წარმდგენი – ავტორი.

ნომინაცია „წლის საუკეთესო რომანი“

1. ავტორი – დავით ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“, წარმდგენი – ავტორი;

2. ავტორი – გელა ჩქვანავა, „კადრილი“, წარმდგენი – ავტორი.

ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“

1. ავტორი – ეთერ თათარაიძე, „რა გქვიანის ყვავილო?; ჩიტო, შენც გამომყევ“ (ორ წიგნად), წარმდგენი – ავტორი;

2. ავტორი – თათია მთვარელიძე, „ობის წიგნი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო;

3. ავტორი – მარიამ წიკლაური, „რისკჯგუფი“, წარმდგენი – ავტორი;

4. ავტორი – ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.

ნომინაცია „წლის საუკეთესო პიესა“

1. ავტორი – ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“, წარმდგენი – ავტორი;

2. ავტორი – ფიქრია ყუშიტაშვილი, „ჩვენებური ამბავი“, წარმდგენი – ავტორი;

3. ავტორი – გიორგი შერვაშიძე, „ასი ათას ერთი“, წარმდგენი – ავტორი.

შეგახსენებთ, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქეთევან დუმბაძის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია ავტორების, ხოლო 3 – გამომცემლობების მიერ.

საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიამ განიხილა მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული ან შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები; ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განხილულ იქნა როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 26 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.

დატოვე კომენტარი