კულტურის მინისტრის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება
კულტურის მინისტრის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება

კულტურის მინისტრის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დღე გვაქვს კულტურის სამინისტროში, რადგან გადავწყვიტეთ, შევეჭიდოთ დიდ საშვილიშვილო საქმეს, რომელშიც იმედი გვაქვს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, წარმატებას მივაღწევთ.

დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება. მრავალი წელია, ეს მუზეუმი აღარ არსებობს, ის დაკეტილია. არადა, ამ მუზეუმში თავის დროზე ჯამში 140 ათასამდე უნიკალური ექსპონატი იყო დაცული. პირველი ამოცანა ფონდების აღრიცხვა, დადარება და იმის დადგენა იქნება, თუ რა ჩაბარდა იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მუზეუმის აღდგენის სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ახსნა, რომ გამოცემულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ყალიბდება ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს ყველა დანარჩენ მუზეუმს.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროვნული მუზეუმის მმართველი ორგანო კი გახდება ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა ოთხკაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი გაუწევს. თუმცა, ზემოხსენებული ოთხი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეეძლებათ.

„ხელოვნების მუზეუმის აღსადგენად ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური ძალისხმევა იქნება საჭირო. დღეს, ჩვენ არ ვიცით და გამოსარკვევია, თუ რა მდგომარეობაშია გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო – ხახულის ღვთისმშობლის სამკარედი ხატი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ანჩის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ზარზმის ღვთისმშობლის ხატი და სხვა, ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობისთვის ეს უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები. ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას იუნესკო-სთან და ივნისამდე ჩვენს ქვეყანას ეწვევა სამი უცხოელი ექსპერტი, ვინც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეაფასებს ამ ხატების მდგომარეობას და გასცემს პასუხს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: შეიძლება თუ არა მათთან შეხება და მათი გადაადგილება ისე, რომ ხატები არ ჩამოიშალოს ან სხვაგვარად არ დაზიანდეს; არის თუ არა კოროზიის პროცესი შორს წასული და თუ არის, როგორი და რა მეთოდით მოპყრობის საშუალება გვეძლევა ამ ხატებთან; პარალელურად, მიმდინარეობს ტენდერი, რომლის შედეგადაც შალვა ამირანაშვილის მუზეუმის შენობის მდგრადობის სიღრმისეული ექსპერტიზა ჩატარდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მოცემული პროცესებისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად კულტურის მინისტრმა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა: ნიკა ახალბედაშვილი, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს წარმატებით ხელმძღვანელობდა; ნელი კობიაშვილი, ცნობილი ჟურნალისტი და ნიკო ფიროსმანის მკვლევარი, რომლის დამსახურებაც განუზომელია ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატის მიკვლევასა და მისი ბიოგრაფიის უცნობი დეტალების უტყუარად დადგენის საქმეში; გია მარსაგიშვილი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, ხელოვნების მუზეუმის ერთგული თანამშრომელი ბოლო 26 წლის განმავლობაში.

ბოლოს, კულტურის მინისტრმა პატივი მიაგო შალვა ამირანაშვილის ხსოვნას და მადლობა გადაუხადა ხელოვნების მუზეუმის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფს, განსაკუთრებით კი, მის წევრს – ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს.

„დღევანდელ დღეს კი ჩვენ ვუძღვნით ქალბატონ ელენე კავლელაშვილს, ხშირად დაჩაგრულს, მაგრამ მაინც მარტოდ მამაცად მებრძოლს, რომელიც წლების მანძილზე საგანძურს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე იცავდა, და რომელიც, გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ის განისვენებს წმინდა ადგილას, მცხეთაში, საქართველოს დიდი პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.