„კულას“ დირექტორი - ჩვენს პროდუქტში არასაკვები საღებავის არსებობის შესახებ ინფორმაცია შეცდომა ან პროვოკაციაა
„კულას“ დირექტორი - ჩვენს პროდუქტში არასაკვები საღებავის არსებობის შესახებ ინფორმაცია შეცდომა ან პროვოკაციაა

კომპანია ,,კულას” დირექტორი ივანე გოგლიძე უარყოფს ვებგვერდის – „მომხმარებელი.ჯი“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე მწარმოებლის, მათ შორის „კულას“ წარმოებულ ერთერთ პროდუქტში, კერძოდ, წითელი ტყემლის საწებელში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

გოგლიძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია „აბსოლუტური ტყუილია.“

„ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ მივიდნენ, აიღონ ნიმუში, დავლუქავთ და შეამოწმონ, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებთ საღებავს მით უმეტეს, საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც წითელი ფერისაა და არ სჭირდება არანაირი შეფერვა. ან ლაბორატორიის შეცდომაა, ან  პროვოკაცია. ჩვენ ამ პროდუქციას ვგზავნით გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში. 25 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი და ყველგან მოწმდება. დარღვევის შემთხვევაში,  აღნიშნული ქვეყნები ამ პროდუქტის თავიანთ ბაზრებზე რეზლიზაციის უფლებას არ მოგვცემდნენ,“ – განუცხადა ივანე გოგლიძემ საქართველოს პირველ არხს.

„მომხმარებელი.ჯი“-ზე გამოქვეყნებული კვლევის ავტორების განცხადებით, რამდენიმე პროდუქტში „სუდან ერთის“ შემცველობა გამოვლინდა. მათივე განმარტებით, „სუდანის“ ჯგუფის საღებავებს სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად იყენებენ. ვებგვერდზე მითითებულია, რომ არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა გამოკვლეულ ნიმუშებში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოხსენებული საღებავების საკვლევად. ამიტომ ორგანიზაციამ ნიმუშები საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში გაგზავნა.  მათივე თქმით, კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმეებთან.