კრწანისის რაიონში თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის სკვერი გაიხსნა
კრწანისის რაიონში თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის სკვერი გაიხსნა

კრწანისის რაიონში თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერში თემატური აბრა განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული 20 ქალაქის სახელი და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილია ასახული.

როგორც საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სამომავლოდ სკვერი თბილისისა და მასთან დაძმობილებული ქალაქების სიმბოლოებით მოეწყობა და ამ ქალაქების მცხოვრებთა თავშეყრის ადგილი გახდება.

„ჩვენი ქალაქისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს დაძმობილებული ქალაქები, რათა მოხდეს გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ორივე მხრიდან. არის სურვილი, რომ სამომავლოდ სკვერი თემატურად მოეწყოს ჩვენი ქალაქების სიმბოლოებით, დროშებით და გახდეს სწორედ თბილისისა და მასთან დაძმობილებული ქალაქების მცხოვრებთა თავშეყრის ადგილი“,- აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.