კრწანისის რაიონში ქვედა და ზემო ფონიჭალის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გვირაბი აშენდა
კრწანისის რაიონში ქვედა და ზემო ფონიჭალის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გვირაბი აშენდა

თბილისში, კრწანისის რაიონში, ზემო და ქვედა ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისწქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რეაბილიტირდა გარე განათების ქსელი.

„ქვედა და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების კვეთის ადგილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია. მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი კი, ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს 100 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროს და ხარჯებს უზოგავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, განხორციელებული პროექტი ასევე შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების კვეთაზე, სადაც პიკის საათებში მოძრაობა ხშირად შეფერხებულია.

თბილისის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 582 473 ლარი დაიხარჯა.