კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩინგ-კუ ვუმ თანამდებობა დატოვა
კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა (AIBA) ჩინგ-კუ ვუმ თანამდებობა დატოვა. დღეს გამოქვეყნდა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ჩინგ-კუ ვუს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, შეწყვიტონ ყველა დავა სამოქალაქო სასამართლოში და AIBA-ას სადისციპლინო კომისიაში.
„ეს გადაწყვეტილება მივიღე კრივის სიყვარულის გამო, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრება მივუძღვენი“, – განაცხადა ჩინგ-კუ ვუმ და დასძინა, რომ AIBA-ს და კრივის ინტერესების გათვალისწინებით, დათმობაზე წავიდა.
71 წლის ჩინგ-კუ ვუ კრივის საერთაშორისო ფედერაციას 11 წელი ხელმძღვანელობდა, თუმცა ბოლო დროს აღმასკომის წევრებმა მას არაერთი ბრალდება წაუყენეს და ფინანსურ დარღვევებშიც ამხილეს.
მხარეების დავა შვეიცარიის სამოქალაქო სასამართლოში გაგრძელდა, პრეზიდენტის ნებაყოფლობით გადადგომის შემდეგ კი ურთიერთდაპირისპირება შეწყდა.
კონგრესამდე AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ფრანკო ფალჩინელი შეასრულებს.
AIBA-ს ახალ პრეზიდენტს რიგგარეშე კონგრესზე აირჩევენ, რომელიც 2018 წლის 27 იანვარს დუბაიში გაიმართება.