კრისტინ ლაგარდი - მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები
კრისტინ ლაგარდი - მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები

მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესადაგება იმ ეკონომიკას, სადაც მოსახლეობის გადაბერება პრობლემას ქმნის, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

„ამჟამად გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5,2 პროცენტია. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ საქართველოს ათ წელიწადზე მეტი დასჭირდება ევროპის განვითარებადი ქვეყნების მსგავსი ცხოვრების დონის მისაღწევად, მაგრამ ამის გამო იმედგაცრუება არ ღირს. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაატაროთ სწორი პოლიტიკა, რათა ეს პერიოდი შეამციროთ და არ გაჭიანურდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომა. მთავარი ახალი ინგრედიენტი არის კავშირი გარე სამყაროსთან. ვიცი, რომ საქართველო ბევრს მუშაობს, რათა გარდაიქმნას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას. ეს კი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. აუცილებელია კარგი გზები, ხარისხიანი რკინიგზა და ღრმაწყლოვანი პორტები“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

მისივე განცხადებით, უკვე დაწყებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს შავ ზღვასთან დააკავშირებს.

„მნიშვნელოვანია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ასეთი პროექტები გაზრდის კავშირს. ადგილობრივი ბიზნესი დაუკავშირდება გლობალურ სავაჭრო ქსელებს. ასევე ხელს შეუწყობს მეტი პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას იმ კომპანიებში, რომლებიც ვაჭრობის პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან“, – განაცხადა ლაგარდმა.

მისივე განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტის სექტორი ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ახლა მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, რათა ტურიზმის მთელი პოტენციალი გამოვიყენოთ. ეს ასევე ეხება ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ჩვენ ეს პოტენციალი სრულად უნდა ავითვისოთ. აუცილებელია სავაჭრო ბარიერების მოხსნა“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ასევე განათლების შესახებაც ისაუბრა.

„კიდევ ერთი ინგრედიენტი არის განათლება. ჩვენ გვჭირდება კავშირი პროფესიონალებს შორის. თუ წაიკითხავთ კვლევებს და გაესაუბრებით ინვესტორებს, ყველა გეტყვით, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საჭირო უნარ-ჩვევების ადამიანებს ვერ ვპოულობთ. პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან.

აუცილებლია, მთავრობამ ყურადღება გაამახვილოს ხარისხიან განათლებაზე. ეს უფრო პროდუქტიულ სამუშაო ადგილებს შექმნის. განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში, ტრანსპორტის სფეროში, ტურიზმში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება. ამის მისაღწევად აუცილებელია მრავალმხრივი რეფორმის გატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფისკალური მდგრადობა. მნიშვნელოვანია, ფოკუსირებული ვიყოთ ხარისხიან განათლებაზე. ამ რეფორმების შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ვიგრძნობთ. მოკლევადიან პერიოდში კი, აუცილებელია გააქტიურება შრომითი ბაზრის პოლიტიკაში. ეს მოიცავს მეტ პროფესიულ ტრეინინგს, ახალი ტექნოლოგიების ხელსაწყოების გამოყენებას და ასე შემდეგ“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.