კრისტინ ლაგარდი - მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით
კრისტინ ლაგარდი - მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით, – ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერას.

„უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთ თქვენი ხალხისთვის, რათა მიღწეული იყოს სტაბილურობა და წინსვლა თქვენს საზოგადოებაში. ჩვენ კვლავ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მალე მეოთხე მიმოხილვა დასრულდება. მესამე მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივაც ძალიან დიდი წარმატება გექნებათ. მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებას მომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს თქვენ მიერ დასახული და ჩვენთან შეთანხმებული მიზნების შესაბამისად“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.