კრისტიან ტერჰესი - არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ხალხი რჩება, ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
კრისტიან ტერჰესი - არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ხალხი რჩება, ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს, რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ დახმარება ამ მიზნის მიღწევაში.

„ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. ეს მოხდა კოსოვოს აღიარების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ უარი უთხრეს საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე. ევროპას რომ მაშინ უფრო ძლიერი პოზიცია დაეჭირა ამ ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, აგვერიდებინა ეს აგრესიული ომი უკრაინაში. რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ, მას შემდეგ, რაც მისი ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ასევე, საქართველო ასოცირებული ტრიოს ნაწილია. მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერი და ხალხი რჩება. ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან ახლა. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა.