კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისადმი შეთავაზებაში მომავალ არჩევნებს ცალკე თავი ეთმობა, თუმცა მასში ვადამდელ არჩევნებზე არ არის საუბარი
კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისადმი შეთავაზებაში მომავალ არჩევნებს ცალკე თავი ეთმობა, თუმცა მასში ვადამდელ არჩევნებზე არ არის საუბარი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებულ წინადადებებში, რომელიც მან დღეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, ბოლო, მეხუთე თავი მომავალ არჩევნებს ეხება.

აღნიშნულ თავში საუბარი არ არის ვადამდელ არჩევნებზე.

„მომავალი არჩევნები – პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (…) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება“.

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე“, – აღნიშნულია კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.