კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
ამასთან, დანიელსონი საქართველოში სავარაუდოდ 28 მარტს ჩამოვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 22 მარტს განაცხადა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა. დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.
დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.