კრისტიან დანიელსონი - იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონი იმედოვნებს, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება სერიოზულად იფიქრებს შექმნილ ვითარებაზე და კომპრომისებზე წავლენ.
ამის შესახებ დანიელსობმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პასუხისმგებლობა, რომ იყოს ნაპოვნი ამ კრიზისის გადაწყვეტილება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთის და ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ, დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. სრულიად მჯერა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა. დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გაიმართა საერთო შეხვედრაც, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დანიელსონმა ვიზიტი გაახანგრძლივა და მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის მედიაცია განაგრძო.