კრისტიან დანიელსონი – ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც არის დემოკრატიის ნიშანი საქართველოში, კომპრომისი არის ევროპული გზა

20:46, 28.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაეხმარონ საქართველოს კრიზისის დაძლევაში.

„მე შევხვდი შვიდ ევროპარლამენტარს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე, შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც თქვენ ესაუბრეთ. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, ის ეფუძნება კომპრომისს და ორიენტირებულია მომავალზე. აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. შევხვდი ევროკავშირის ინსტიტუტების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები არიან საქრთველოსთან ურთიერთობაში, მათ შორის პრეზიდენტ მიშელთან. ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი.

ჩვენ მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია დასახმარებლად. ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი. ხაზი უნდა გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, ის არის სიძლიერე. კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი საქართველოში, კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.

დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი