კრიშტიანოს გაძევება | იჩივლებს თუ არა „იუვენტუსი“ და რამდენ მატჩს გამოტოვებს ფეხბურთელი
კრიშტიანოს გაძევება | იჩივლებს თუ არა „იუვენტუსი“ და რამდენ მატჩს გამოტოვებს ფეხბურთელი

19 სექტემბერს, „ვალენსიასა“ და „იუვენტუსს“ შორის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მატჩის 29-ე წუთზე, მსაჯმა კრიშტიანო რონალდოს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. პორტუგალიელის მიმართ ასეთმა მკაცრმა სასჯელმა ფეხბურთის მოყვარულებს შორის მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამიტომ პირველმა არხმა გადაწყვიტა პასუხი გასცეს იმ რამდენიმე ძირითად შეკითხვას, რომელიც შეიძლება გულშემატკივრებს გაუჩნდეთ.

რატომ გააძევეს?

რა წერია მსაჯის მოხსენებით ბარათში, ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი წაქცეული ფეხბურთელისთვის თმის მოქაჩვა გახდა, რაც არასპორტულ საქციელად იქნა მიჩნეული.

რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს რონალდოს?

წითელი ბარათი ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ავტომატურად ტოვებს მომდევნო მატჩს, ამ შემთხვევაში ეს არის „იუვენტუსის“ საშინაო თამაში 2 ოქტომბერს, შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“.

შეუძლია თუ არა უეფას, რომ სასჯელი გაამკაცროს?

დიახ. უეფას რეგულაციებში ნათქვამია, რომ სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციის „კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული განყოფილება“ უფლებას იტოვებს, გაზარდოს იმ მატჩების რიცხვი, რომელთა გამოტოვებაც ფეხბურთელს მოუწევს.

ხსენებული განყოფილება, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს ან პარასკევს (20 ან 21 სექტემბერი) შეიკრიბება, ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღის ყველა დისციპლინარულ საკითხს განიხილავს და მსაჯების მოხსენებებსაც მიიღებს მხედველობაში. რონალდოს შემთხვევაში, ეს არის გერმანელი ფელიქს ბრიხი.

თუ რონალდოს საქციელი ზედმეტად აგრესიულად იქნა მიჩნეული, შესაძლოა მისი სასჯელი დამძიმდეს და ფეხბურთელს ერთის ნაცვლად ორი ან სამი მატჩის გამოტოვება მოუწიოს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელი თავის ყოფილ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვერც ერთ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა, სპეციალისტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უეფამ რონალდოს სასჯელი დაუმძიმოს და, დიდი ალბათობით, მას მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.

შეუძლია თუ არა „იუვენტუსს“ გასაჩივრება?

არა. რონალდო ერთ თამაშს ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს, რადგან წითელი ბარათით გამოწვეული ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „იუვენტუსს“ აპელაციის შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ უეფა მას დამატებით თამაშებშიც მისცემს დისკვალიფიკაციას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხევაში, გუნდს აპელაციის შესატანად სამი დღე ეძლევა.