კრიშტიანო რონალდოს შეყვარებული პორტუგალიაში კარანტინის დარღვევისთვის გააკრიტიკეს
„იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი კრიტიკის ობიექტი გახდა, როცა ის მადეირას კუნძულზე, ქალაქ ფუნშალის სავაჭრო ცენტრში შენიშნეს.
სამშაბათს, მადეირაზე ერთ-ერთი სასტუმროს მაცხოვრებლები და თანამშრომლები გადაიყვანეს იზოლაციაში მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელ ტურისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. პორტუგალიის მთავრობამ კუნძულის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ და ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ აუცილებელი ნივთების შეძენისთვის გამოსვლისკენ მოუწოდა.
ამ მოწოდებას საჯაროდ დაუჭირეს მხარი რონალდომ და ჯორჯინამ, მაგრამ ოთხშაბათს, გოგონა პირად მცველებთან ერთად ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოსვლისას შეამჩნიეს. ჯორჯინა დაადანაშაულეს საკუთარი თავისა და რონალდოს ჯანმრთელობის მიმართ ზერელე დამოკიდებულებაში. ფეხბურთელი ფუნშალში კარანტინშია და გაძლიერებული რისკის ზონაში იმყოფება, რადგან კორონავირუსი აღმოუჩინეს მის ორ თანაგუნდელს – დანიელე რუგანისა და ბლეზ მატუიდის.