კრიშტიანუ რონალდუს ჰედ-თრიკით პორტუგალია ერთა ლიგის ფინალში გავიდა (ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუს ჰედ-თრიკით პორტუგალია ერთა ლიგის ფინალში გავიდა (ვიდეო)

ერთა ლიგის პირველი ფინალისტი პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც პორტუს „დრაგაუს“ სტადიონზე ანგარიშით 3:1 მოუგო ნახევარფინალში შვეიცარიას.

მასპინძლებმა კრიშტიანუ რონალდუს ჰედ-თრიკით მოიგეს. პორტუგალიელმა ნაკრებში მეშვიდედ გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი, სულ კი კარიერაში 53 ჰედ-თრიკი დაუგროვდა.

სამიდან ერთი გოლი რონალდუმ ჯარიმით გაიტანა. კრიშტიანუმ 2018-2019 წლების სეზონში პირველად შეძლო საჯარიმო დარტყმით გატანა.

რონალდუს სანაკრებო კარიერაში 88 გოლი დაუგროვდა და მას ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს, ირანელ ალი დაეის (109 გოლი) დაეწიოს.

ნახევარფინალის საინტერესო მომენტი იყო პორტუგალიის პირველ გუნდში „ახალი რონალდუს“ – „ბენფიკას“ 19 წლის ფორვარდ ჟოაო ფელიქსის დებიუტი. მან შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

შვეიცარიელთა მხრიდან ერთი გოლი პენალტით რიკარდო როდრიგესმა გაიტანა.

ხუთშაბათს, მეორე ნახევარფინალში, ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებები ითამაშებენ.