ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო კინოინდუსტრიაში ცდის ძალებს. საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი რეჟისორ მეტიუ ვონთან გაერთიანდა და ჩამოაყალიბა საკუთარი დამოუკიდებელი კინოსტუდია UR-Marv. ამის შესახებ წერს ჟურნალი Variety.
გამოცემის ინფორმაციით, სტუდიამ უკვე დაასრულა მუშაობა ორ მძაფრსიუჟეტიან ფილმზე და მესამეზე მუშაობს. სამივე ფილმი ერთი სერიის ნაწილი იქნება.
„კრიშტიანომ საფეხბურთო მოედანზე ისეთი ისტორია შექმნა, რომელსაც მე ვერასოდეს დავწერდი. და ახლა, მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას – შევქმნა მასთან ერთად ფილმები, რომლებიც ბევრისთვის აღმაფრენის წყარო იქნება. კრიშტიანო ნამდვილი სუპერგმირია“, – განაცხადა რეჟისორმა.
თავად კრიშტიანო რონალდოც მოუთმენლად ელოდება მუშაობის დაწყებას მისთვის სრულიად უცხო სფეროში.
აღვნიშნავთ, რომ რონალდოსთვის ეს არ არის პირველი გასვლა მედიისა და გართობის ბაზარზე. 2023 წლის ოქტომბერში ის კომპანია Medialivre-ის (ადრე Cofina Media) მსხვილი ინვესტორი გახდა, რომელსაც ეკუთვნის პორტუგალიური გამოცემები – Correio da Manhã და Record.