კრიშტიანო რონალდო – რეკორდი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მიზანი ნაკრების გამარჯვებაა [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ლეგენდამ, კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფში უზბეკეთთან ორი გოლი გაიტანა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა, პორტუგალიის გამარჯვება უზრუნველყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე 41 წლის ფეხბურთელმა უზბეკეთის წინააღმდეგ ანგარიში გახსნა და ეს ისტორიული გოლი იყო – რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.
ამავე დროს, იგი მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც მუნდიალზე გაუტანია (41 წლის და 138 დღის ასაკში). პირველზე კვლავ კამერუნელი როჟე მილა რჩება, რომელიც 42 წლის და 39 დღის იყო, როდესაც 1994 წელს რუსეთის ნაკრების კარი აიღო.
კრიშტიანომ მეორე გოლი გაიტანა ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე – ეს მისი მე-10 გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, რითაც იგი ტურნირზე პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ლეგენდარულ ეუსებიოს (9 გოლი) გადაასწრო.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შრომა და თავდაჯერებულობაა. რა თქმა უნდა, რეკორდები პირადად ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებს მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების ბომბარდირმა.
რობერტო მარტინესი, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: „ეს იყო შესანიშნავი დაბრუნება კონგოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც ტურნირში წინსვლისთვის მსგავსი თამაში საჭიროა. დღეს ჩვენ ვნახეთ გუნდი იმავე დამოკიდებულებითა და თავდადებით, მაგრამ უფრო დახვეწილი თამაშით, რადგან ეს პირველი მატჩი აღარ იყო. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ“.