კრიშტიანო რონალდო ახალ სეზონში მატჩების 25 პროცენტს გამოტოვებს #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ვარსკვლავური ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2025-26 წლების სეზონის სოლიდურ ნაწილს გამოტოვებს.
ჟურნალისტ ფალაჰ ალ-ქათჰანის ინფორმაციით, 40 წლის პორტუგალიელს საუბარი ჰქონდა „ალ-ნასრის“ ახალ მთავარ მწვრთნელთან, ჟორჟე ჟესუსთან, რის შემდეგაც მათ გადაწყვიტეს, დაზოგონ ფეხბურთელის ჯანმრთელობა და ენერგია ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში.
რონალდოს სოლიდური ასაკის გათვალისწინებით, მწვრთნელსა და ფორვარდს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციონ კრიშტიანოს დატვირთვებს. 2024-25 წლების სეზონში რონალდო იძულებული იყო, გამოეტოვებინა რამდენიმე შეხვედრა გადაღლილობის გამო.
მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად პორტუგალიელი დათანხმდა სეზონში მატჩების 25 პროცენტის გამოტოვებას. რონალდოს სურს, თავიდან აიცილოს დაზიანებები და ტრავმები, რათა ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს მსოფლიო ჩემპიონატს.
საუდის არაბეთის ჩემპიონატი 21 აგვისტოს აიღებს სტარტს.